რა არის AI?


ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს კომპიუტერული მეცნიერების (ინფორმატიკის) ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. 
მისი მიზანია ისეთი ”მოაზროვნე” მანქანის შექმნა, რო­მე­ლიც აღჭურვილი იქნება ადამიანის ინტელექტისთვის დამახასიათებელი ფუნქციების მსგავსი საშუალებებით. ეს გულისხმობს ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ალგორითმი­ზაციას პროგრამული ენის საშუალებით. ამჟამად არსებული კომპიუტერები და პროგრამები ასეთ შესაძლებლობებს არ ფლობენ. ისინი უბრალოდ ასრულებენ პროგრამისტის მიერ დაწერილ ბრძანებებს, რომელთა არსის შესახებაც მათ წარმოდგენაც არ აქვთ. მაშინ, როდესაც ”მოაზროვნე” მანქანებისთვის სრულიად გასაგები იქნება დასამუშავებელი ბრძანების ბუნება, მათი შექმნის მიზანი და დანიშნულება.

ხელოვნური ინტელექტის არსი მდგომარეობს შემდეგში, კომპიუტერულ სისტემებში მოხდეს ადამიანის ინტელექტუალური პროცესების მოდელირება რომელიმე კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის მიზნით. ეს პროცესები მოიცავს სწავლებას (ინ­ფორმაციის შეგროვება და მისი გამოყენების წესები), მსჯელობის უნარს (წესების გამოყენებას მიახლოებითი ან ზუსტი დასკვნების მისაღებად) და თვით კორექტირებას. მართალია ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ მიმარ­თუ­ლე­ბას წარმოადგენს, მაგრამ იგი ამავე დროს უშუალოდაა დაკავშირებული მეცნიერების ისეთ სფე­როებთან, როგორიცაა მათემატიკა, ნეირომეცნიერებები, კოგნიტური (შემეცნებითი) მეცნი­ერებები, ბიოლოგია და სხვა. ამ მეცნიერებებში დაგროვილი ცოდნის გაერთიანება ”მოაზ­როვნე” მანქანების შექმნის საწინდარი შეიძლება გახდეს. ხელოვნური ინტელექტის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ავტომატურად პროგრამირებადი კომპიუტერების შექმნა, რომელთაც ისეთი უნარების (თვისებების) გამოვლენა შეეძლებათ, როგორიცაა ცოდნა: კომპიუტერს შეეძლება ადამიანის მსგავსად მოქმედება და რეაგირება, როცა მას ექნება ინფორმაცია გარესამყაროს მოვლენების და ობიექტების, მათი თვისებების და ურთიერთკავშირების შესახებ; მსჯელობა-აზროვნება; გადაწყვეტილების მიღება; აღქმა: გარე სამყაროს მოვლენებისა და ობიექტების აღქმის შესაძლებლობა; სწავლება: სწავლება მასწავლებლის გარეშე მოითხოვს სისტემისგან უნარს, აღმოაჩინოს კანონ-ზომიერებები მის მიერ აღქმულ ინფორმაციის ნაკადებში; სწავლება მასწავლებ­ლით კი გულისხმობს მოვლენების და ობიექტების კლასიფიკაციას; დაგეგმვა: გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი სტრა­ტეგიის (მოქმედებათა თანამიმდევრობის) შემუშავება სასურველი მიზნის მისაღწევად; ობიექტების მანიპულირება და გადაადგილება.

ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს დისციპლინათა შორის ურთიერთკავშირით მიღ­ებულ მიმართულებას. შესაბამისად, ძირითადი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც განაპირო­ბე­ბენ მის წინაშე დასმული მიზნების და ამოცანების განხორციელებას შემდეგია: 

ავტომატური პროგრამირება: მოიცავს (გულისხმობს) მიზანთა (ამოცანათა) სასურველი სიმრავ­ლის­თვის კომპიუტერის მიერ პროგრამების ავტომატურ შედგენას ხელოვნური ინტელექტის სისტემების მეშვეობით; 
ბაიესის ქსელები: ბაიესის სტატისტიკასა და გრაფთა თეორიის გაერთიანების საფუძ­ველზე იძლევა ალბათობათა მოდელირების ინსტრუმენტს, რომელიც ემყარება მუდ­მივად განახლებად ალბათურ ინფორმაციას (იგულისხმება შემთხვევითი ცვლადები). რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს კომპიუტერული პროგრამების დინამიური სწავლება, რომელიც მიიღწევა ალბათობების მუდმივი მოდიფიკაციით, წესების ფიქსირებული სიმრავლის პირობებში; 
ცოდნის ინჟინერია/წარმოდგენა: გულისხმობს მოვლენის ან ობიექტის შესახებ არსე­ბუ­ლი ცოდნის (კანონზომიერებების) გარდაქმნას კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე; 
მანქანური სწავლება: გულისხმობს პროგრამების სიმრავლეს, რომლებსაც შეუძლიათ ისწავ­ლონ დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე; 
ბუნებრივი ენების დამუშავება: ეხება ადამიანის სამეტყველო ენის დამუშავებას და გაგებას, მანქანურ თარგმნას; 
ნეირონული ქსელები: მოიცავს ისეთი პროგრამების დაპროექტებასა და შემუშავებას, რომლებიც ადამიანის ტვინის მსგავსად ფუნქციონირებენ; 
ეტყველების ამოცნობა: მოიცავს ისეთი მეთოდებისა და პროგრამების დაპროექტებასა და შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მეტყველების ტექსტად გარდაქმნას და პირიქით; 
სახეთა ამოცნობა: ეხება კვლევებს, რომელთა მიზანია ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლებიც კომპიუტერს მისცემს შესაძლებლობას მოძებნოს შესაბამისობა რთულ სახეებს შორის. მაგალითად, ბუნებრივი ენის ტექსტებს შორის, ჭადრაკის პოზიციებს შორის და მოახდინოს ადამიანის მხედველობითი სისტემის ფუნქციონირებისთვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპების რეპროდუცირება. 

ხელოვნური ინტელექტის მეთოდებისა და ალგორითმების გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. კერძოდ: 
კომპიუტერული ხედვა (გამოსახულებათა ანალიზი მაგალითად არქეოლოგიაში, მუ­ზეუმებში, რეესტრში, სამხედრო საქმეში, მედიცინაში, კარტოგრაფია, კადასტრი, თითის ანაბეჭდები, პირისახე); 
საბანკო საქმე (დაზღვევა, საბირჟო თამაშები, საკუთრების მართვა) და ეკონომიკა (სწორი სტრა­ტეგიის შერჩევა); 
მეტყველების აღმქმელი და ამომცნობი მანქანები; 
ექსპერტული სისტემები; 
ობიექტების ამოცნობა; 
მონაცემთა ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება; 
სამედიცინო დიაგნოსტიკა; 
კომპიუტერული თამაშები; 
რობოტოტექნიკა; და სხვა. 
ხელოვნური ინტელექტის შესწავლის და გამოყენების ობიექტებს მიეკუთვნება ადამიანის მოღვაწეობის მრავალი სფერო: 
ეკონომიკა და ფინანსები, სამხედრო საქმე, მედიცინა, სასარ­გებლო წიაღისეულის ძებნა, სწავლების სისტემები განათლებაში, სამოქალაქო ტრან­სპორტი, კომპიუტერული თამაშები, საწარმოო სისტემები (რობოტი მანიპულატორები), კომ­პიუ­ტერული სისტემები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაა.შ. 

Comments

Popular Posts